”ევროპული სკოლის”
შინაგანაწესი
თავი II
მოსწავლის/მშობლის ვალდებულებები
სკოლაში ქცევის სტანდარტები
მუხლი 5. მოსწავლეთა/მშობელთა უფლება-მოვალეობები
5.1. მოსწავლეს უფლება აქვს:
5.1.1. მიიღოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი ზოგადი განათლება;
5.1.2. ტესტირების დამაკმაყოფილებლად გავლის შემთხვევაში ჩარიცხულ იქნას შესაბამის კლასში;
5.1.3. იცნობდეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ნუსხას მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
5.1.4. სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის სკოლაში არსებული ყველა სახის ღონისძიება;
5.1.5. ისარგებლოს სკოლის კაბინეტ-ლაბორატორიებით, საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკებით, სპორტული დარბაზებითა და მოედნებით;
5.1.6. ისარგებლოს სკოლის სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ლოგოპედური და სასადილოს მომსახურებით;
5.1.7. მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
5.1.8. უფასოდ ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკებში დაცული წიგნის ფონდით;
5.1.9. გამოთქვას საკუთარი აზრები და შეხედულებები, დაიცვას პიროვნული ღირსება,
სინდისისა და ინფორმაციის თავისუფლება;
5.1.10. სკოლაში მოსვლა-წასვლისას ისარგებლოს სკოლის სატრანსპორტო მომსახურებით, სკოლის ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად;
5.2. მოსწავლე ვალდებულია:
5.2.1. სასკოლო ფორმით და სასკოლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და გაკვეთილის დაწყებამდე დაიკავოს თავისი ადგილი საკლასო ოთახში;
5.2.2. გაკვეთილის მსვლელობისას სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში, დასვას შეკითხვები, გამოთქვას საკუთარი აზრები გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით;
5.2.3. დაემორჩილოს მასწავლებლის მითითებებს და გაითვალისწინოს მისთვის მიცემული შენიშვნები;
5.2.4. დაემორჩილოს სკოლის დაცვის სამსახურის მითითებებს:
5.2.5. არ დატოვოს სკოლის ტერიტორია სასკოლო დროის დამთავრებამდე;
5.2.6. გაუფრთხილდეს და დაიცვას საკლასო ოთახის ინვენტარი, სკოლის ქონება და ტექნიკური აღჭურვილობა;
5.2.7. პატივი სცეს თანაკლასელებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას, სკოლაში მყოფ დაცვის სამსახურს; აგრეთვე:
• სკოლაში გამოცხადდეს მხოლოდ სკოლის მიერ დადგენილი სასწავლო ფორმით;
• არ დაიგვიანოს გაკვეთილზე;
• არ გააცდინოს გაკვეთილი (გაკვეთილები) არასაპატიო მიზეზით;
• არ დატოვოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა არასაპატიო მიზეზით;
• აკრძალულია სიგარეტის მოწევა;
• არ გამოცხადდეს სკოლაში მობილური ტელეფონით, სამკაულით;
• არ მოიხმაროს სკოლაში საღეჭი რეზინი ან მზესუმზირა;
• არ დაუშვას სკოლაში იმ არასასწავლო დანიშნულების ნივთების შემოტანა და გამოყენება, რომლებიც კონკრეტულად არ არის მითითებული სკოლის შინაგანაწესში, მაგრამ ეწინააღმდეგება და არღვევს სკოლის დისციპლინას;
5.2.8. პატივი სცეს და დაიცვას სკოლაში მოქმედი სხვა წესები;
5.2.9. მშობელი უფლებამისილია მუდმივი კავშირი ჰქონდეს სკოლასთან და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია მოსწავლის ყოფაქცევის, აკადემიური მოსწრებისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ;
5.2.10. მშობელი ვალდებულია უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება
5.2.11. მშობელი ვალდებულია არ დაუშვას მოსწავლის სკოლაში გამოცხადება სკოლის მიერ დადგენილი ფორმის გარეშე, ასევე უზრუნველყოს მოსწავლის მიერ 5.2.7. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
5.2.12. თუ მშობელს სურვილი აქვს შეხვდეს ადმინისტრაციის წარმომადგენელს, ან მასწავლებელს, აუცილებელია, ამის შესახებ წინასწარ ეცნობოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ელექტრონული დღიურის, ან ტელეფონის საშუალებით და მოხდეს შეთანხმება შეხვედრის დროზე.
მუხლი 6. პრივილეგიების დაუშვებლობა
6.1. სკოლის არც ერთი მოსწავლე არ სარგებლობს არანაირი განსაკუთრებული პრივილეგიით (იგულისხმება გაკვეთილზე დაშვება, სასწავლო პროცესის გაცდენისას სკოლის მიერ დადგენილი სანქციების გამოყენება, სასკოლო ღონისძიებებში ჩართულობის ხელმისაწვდომობა, სკოლაში მოსვლა-წასვლის რეჟიმი, სკოლაში დადგენილი წესის – ფორმის ტარების დაცვა და ა.შ.).
მუხლი 7. სასკოლო დრო
7.1 სასკოლო დრო მოიცავს პერიოდს დილის 8.45 საათიდან საღამოს 17.00 საათამდე;
7.2. სასკოლო დრო შედგება:
1. სასწავლო პროგრამა;
2. სადილი-დასვენება;
3. საშინაო დავალების მომზადება;
4. სპორტული/სახელოვნებო წრე.
მუხლი 8. მოსწავლის პირადი საქმე
8.1. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის პირადი საქმის წარმოებას;
8.2. პირადი საქმე შეიცავს მონაცემებს მოსწავლის ჯანმრთელობის, მისი ოჯახური შესახებ; ასევე, ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ;
8.3. სკოლა უზრუნველყოფს ცალკე აღრიცხოს და შეინახოს ინფორმაცია მოსწავლის დისციპლინური გადაცდომის შესახებ;
8.4. მოსწავლის შესახებ სკოლაში დაცული პირადი ინფორმაცია არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მესამე პირთათვის, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 9. სასკოლო დისციპლინა
9.1. მოსწავლის მიერ ამ შინაგანაწესის 5.2 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლის მიმართ
გამოიყენება შემდეგი სახის დისციპლინარული სახდელის სახეები:
1) შენიშვნა;
2) საყვედური;
3) მკაცრი საყვედური;
4) ზარალის ანაზღაურება;
5) გაკვეთილებიდან დათხოვნა;
6) სკოლიდან გარიცხვა.
9.2. სკოლის ადმინისტრაციის მიერ ყოველი კვირის ბოლოს წარმოებს მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისციპლინარული სახდელის შესახებ მონაცემების შეფასება, რაც აისახება მოსწავლის ყოველკვირეულ რეიტინგში;
9.3. მოსწავლის მიერ თავისი ვალდებულებების დარღვევის ფაქტის მესამედ გამოვლენის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაცია უფლებამოსილია დასვას საკითხი მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შესახებ;
მუხლი 10. ელექტრონული დღიური
10.1. მოსწავლის ყოფაქცევისა და მის მიერ სასწავლო პროგრამის დაძლევის, აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია მშობელს მიეწოდება ყოველდღიურად ელექტრონული დღიურის საშუალებით;
10.2. ელექტრონული დღიურით მშობელს შესაძლებლობა აქვს მუდმივი კავშირი ჰქონდეს მასწავლებლებთან, დაუსვას შეკითხვები და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობის შესახებ.
No comments:
Post a Comment